English / ქართული / русский /
იზა ნათელაური
სოციალური ინოვაციები ევროკავშირის ქვეყნებში: გამოცდილება და საგარეო ეკონომიკური ასპექტები

ანოტაცია.

წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება ინოვაციურ პროექტებს ჯანდაცვაში, დასაქმებაში, განათლებაში, გარემოს დაცვაში, ანუ სოციალურ ინოვაციებს, ევროკავშირის ქვეყნების (გერმანია, დანია, საბერძნეთი და ა.შ.) მაგალითზე. აქცენტირებულია როგორც ლოკალური–ინდივიდუალური, ისე გლობალური საზოგადოებრივი სოციალური ნოვაციები და ინოვაციები. გლობალიზაციის ფონზე გაანალიზებულია საგარეო ეკონომიკური ფაქტორის როლი სოციალური ინოვაციების გააქტიურების საქმეში.

საკვანძო სიტყვები: სოციალური ინოვაციები, საგარეო ეკონომიკური ფაქტორის, გლობალიზაცია.

სოციალურ ინოვაციებს განსაკუთრებული ადგილი განეკუთვნება ინოვაციური სისტემების ერთობლიობაში. ეს განსაკუთრებულობა განპირობებულია  იმით, რომ, ერთი მხრივ,  სოციალური სფერო მოიცავს საზოგადოებრივი  ცხოვრების ყველა მხარეს: ყოფას, შრომას, ჯანდაცვას, განათლებას  და ა.შ. და მეორე მხრივ, სოციალური პრობლემები ერთნაირად ეხება ყველას– ცალკეულ პიროვნებებს, ოჯახებს, ორგანიზაციებს, თვითმმართველობებს, ქალაქებსა და სოფლებს, ქვეყნებს, რეგიონებს და მთელ პლანეტას.

სოციალური ინოვაციები – სოციალური პრობლემების ახალი, შემოქმედებითი და ორიგინალური გადაწყვეტა,  ხორციელდება უპირატესად ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:

1. დასაქმება, რომელთანაც დაკავშირებულია შემოსავლები და მოსახლეობის ცხოვრების დონე;

2. ჯანდაცვა, დემოგრაფია;

3. სოციალური დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება;

4. განათლება, კულტურა და დასვენება;

5. გარემოს დაცვა [1,2].

განასხვავებენ სოციალურ ნოვაციებსა და სოციალურ ინოვაციებს [3]. სოციალური ნოვაცია არის ორიგინალური სიახლე, რომელიც ჯერ დანერგილი არ არის; სოციალური ინოვაცია კი უკვე დანერგილი ორიგინალური სიახლეა. სოციალური ნოვაციები და ინოვაციები შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან საზოგადოებრივი, ლოკალური ან გლობალური.

ლოკალური–ინდივიდუალური ინოვაციების უამრავი მაგალითია ცნობილი. მათგან ყველაზე პოპულარულია შემდეგი [წყარო: ინტერნეტბიბლიოთეკა]:

1, „სკოლის ბაბუები“ – შვეციის მაგალითი.

შვეციაში 50-60 წლის ასაკის 1000–ზე მეტმა უმუშევარმა მამაკაცმა გადაწყვიტეა სკოლაში სიარული არა როგორც მასწავლებელმა, არამედ როგორც სკოლის ბაბუებმა. სკოლის ბაბუები ეხმარებოდნენ როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს სკოლაში წარმოშობილი კონფლიქტების აღმოფხვრაში.

ინიციატივა დაიბადა 1996 წელს შვეციის ერთ–ერთ პატარა ქალაქში. ამჟამად ფუნქციუნირებს 10 რეგიონული ოფისი.

სკოლის ბაბუები თვლიან, რომ მათი წარმატების საფუძველი გახდა მასწავლებლების, დირექტორებისა და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერა. ბაბუებმა, ამ ასაკოვანმა ადამიანებმა, თავი იგრძნეს, როგორც საზოგადოებრივად საჭირო პიროვნებებმა. მათი ნაწილი სკოლებში დასაქმდა, სკოლაში კი შეიქმნა უკეთესი პირობები.

2, „ახალგაზრდული მოძრაობა“

2009 წელს რიგის ერთ-ერთ რაიონში, რომელიც  იმ დროს, კრიმინალურ რაიონად  ითვლებოდა  შეიქმნა ახლგაზრდული მოძრაობა. ამჟამად ეს რაიონი ცნობილია თავისი სპორტული ღონისძიებებითა და მიღწევებით.

სპორტს არ სჭირდება დიდი ფინანსური რესურსები, რამაც თავის მხრივ განაპირობა პროექტის წარმატება.

პროექტს საფუძვლად დაედო ჯანსაღი ცხოვრების წესი, უარი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს. მოძრაობა მთელი ლატვიის მასშტაბით ატარებს ქუჩის შეჯიბრებებს, ფესტივალებსა და კონცერტებს. შეჯიბრებები ეწყობა გუნდური პრინციპით. თითოეული გუნდის დევიზია გახდეს საუკეთესო. გარდა ამისა, მოძრაობა დაკავებულია ქველმოქმედებითაც: გაჭირვებულებისთვის აგროვებს ტანსაცმელსა და სხვა საჭირო ნივთებს.

მოძრაობა საუკეთესო მონაწილეებს აგზავნის ნიუ–იორკში, სადაც მათთვის იღებდნენ  კლიპებს.

3.“შესაძლებელი მისია“

2010 წელს ლატვიაში სტარტი აიღო პროგრამამ სახელწოდებით: “შესაძლებელი მისია“. პროგრამა იყო სახელმწიფო მასშტაბის და მიზნად ისახავდა სკოლებში პოზიტიური განწყობილების შექმნასა და უკეთესად სწავლის მოტივაციის ამაღლებას.  წარმატებულ კურსდამთავრებულებში პროგრამა ასტიმულირებდა სურვილს, გამხდარიყვნენ მასწავლებლები.

პროგრამის დირექტორს მიაჩნდა, რომ  დაუშვებელია მასწავლებელს ჰქონდეს განცდა თითქოსადა პროფესიის არჩევისას შეცდა ან ვერ აირჩია პროფესია სწორად და ა.შ.

პროგრამას თავისი  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ლატვიაში განათლების გაუმჯობესებაში.

4, „გემრიელი შეფუთვა“

შესაფუთი მასალების ეკონომიის მიზნით შეიქმნა რძის ნაღებისაგან ფირი (მასალა), რომელიც 500–ჯერ უკეთესად ინახავს პროდუქტებს და, ამასთან ერთად, იჭმევა.

5, „რობოტი ადვოკატი“

ერთმა სტუდენტმა შექმნა რობოტი ადვოკატი იმ გაჭირვებული ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ რეალური ადვოკატის დაქირავება.

6, „საცხოვრებელი უსახლკაროებისთვის“

ეს არის კარავი, რომელიც იცავს მობინადრეებს ნებისმიერ ამინდში. საცხოვრისის ერთი ნაწილი დაფარულია მასალით, რომელიც ინარჩუნებს  სიგრილეს, მეორე ნაწილი კი დაფარულია მასალით, რომელიც ინარჩუნებს  სითბოს.

7, „დეტექტორი სმენადაქვეითებულთათვის“

ხელსაწყო იწყებს ციმციმს და ვიბრაციას მაშინ, როცა ამუშავდება საშიშროების მაუწყებელი სიგნალიზაცია.

8. „ავტობუსი პორტალი“

გამოიგონეს ჩინეთში, გზებზე ავტომობილების შესამცირებლად. შეიქმნა ელექტრონული ავტობუსი, რომელიც მოძრაობს რელსებზე. რელსების ქვეშ მოძრაობს ჩვეულებრივი ტრანსპორტი. ელექტრონულ ავტობუსში ეტევა 1200 მგზავრი და ჯდება იაფი. უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი ტრანსპორტი ჯერჯერობით ნაკლებ მოთხოვნადია.

9. „რობოტი – კოვზი“

გამოიყენება ავადმყოფი პაციენტებისთვის ცერებრალური დამბლით, პარკინსონის დაავადებით და სხვ., რომლებსაც უჭირთ დამოუკიდებელი კვება.

10. „ღამის ბუთა ასოციაცია“

„ღამის ბუთა ასოციაცია“ შეიქმნა 1998 წელს დანიაში. მასში მონაწილეობენ  მოქალაქეები ნებაყოფლობით საფუძველზე. თანამშრომლობენ ადგილობრივ მთავრობასთან. მათი საქმიანობის სეგმენტებია: განათლება, პოლიცია, საქმიანი წრეები.

ასოციაციის მიზანია ძალადობისა და ვანდალიზმის აღმოფხვა ახალგაზრდობაში; ახალგაზრდობის პასუხისმგებლობის ამაღლება.

თავიანთი მისიის განსახორციელებლად ასოციაციის წევრები გადიან სპეციალურ კურსს ეთიკაში, სწავლობენ სოციალურ სამსახურებთან თანამშრომლობას, ეცნობიან პოლიციის გამოცდილებას დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებით.

ასოციაციას არ აქვს ოფიციალური სტატუსი. ქუჩებში ასოციაციის წევრები არ ერევიან „გარჩევებში“. ისინი მზად არიან დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულებს. მათ შეუძლიათ გამოიძახონ მოზარდების მშობლები; თუ საჭირო იქნება შეუძლიათ პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც.

ასოციაციის წყალობით ქუჩებში დანაშაულებების რიცხვი შემცირდა ორჯერ.

11. „ქუჩაში წესრიგის უზრუნველყოფა“

2007 წელს გაიხსნა ვებპორტალი. მასზე ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობენ  ადგილობრივი მთავრობის ინფორმირებას გადავსებულ ნაგვის ურნებზე, დაბინძურებულ ვიტრინებზე მაღაზიებში და სხვ. მსგავსი ორგანიზაციები წარმატებით მუშაობენ გერმანიაში, საბერძნეთში, დანიასა და ავსტრალიაში.

რაც შეეხება გლობალურ-საზოგადოებრივ ინოვაციებს, მათთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტები თავიანთი მნიშვნელობითა და მასშტაბით სცილდება ცალკეული ეროვნული სახელმწიფოების საზღვრებს, გლობალური ხასიათისაა, მოითხოვს იმაზე მეტ რესურსს (განსაკუთრებით ინტელექტუალურს), რაც  თითოეულ სახელმწიფოს ცალკე  აღებულს გააჩნია და საშუალო პერიოდზე გათვლილი ეფექტებით კოლოსალურ შემოსავლებთან არის დაკავშირებული. საერთაშორისო დონის წამყვანი სპეციალისტების გათვლებით 2025 წლისთვის მსგავსი ინოვაციებიდან მიღებული შემოსავალი იქნება იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე აშშ-ს და ევროკავშირის მშპ-ს მოცულობაა ერთად აღებული ამჟამად.

გლობალური-საზოგადოებრივი სოციალური ინოვაციების კვლევა ჩაატარა საერთაშორისო ინსტიტუტმა Mc Kinsey (MGI). ამ სამეცნიერო დაწესებულების მკვლევარებმა შეისწავლეს 100 პროექტი, რომელთაგანაც შეარჩიეს 12. მათი პროგნოზით, ეს 12 პროექტი განვითარებულ ქვეყნებს, განსაკუთრებით აშშ–ს და ევროკავშირს, მოუტანს შემოსავალს 14–33 ტრილიონი დოლარის ოდენობით, დიდ გავლენას იქონიებს მსოფლიო ეკონომიკაზე და  ძირფესვიანად შეცვლის ადამიანების ცხოვრებას მთელ პლანეტაზე [4 - ინტერნეტბიბლიოთეკა]:

1, „მობილური ინტერნეტი“

2025 წელს ამ პროექტიდან მოსალოდნელი ეფექტი გაუტოლდება 4–10 ტრილიონ დოლარს. ახალი თაობის სმარტფონებითა და პლანშეტებით ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელი გახდება ნებისმიერ ადგილზე. ამჟამად მსგავსი შესაძლებლობით სარგებლობს 1,3 მლრდ ადამიანი.

2, „ინტელექტუალური შრომის ავტომატიზაცია“

ამჟამად ავტომატიზაცია ეხება ინდუსტრიაში მომუშავეთა საქმიანობას; გონებრივად მომუშავეებს არა. 

გონებრივი შრომის ავტომატიზაციის სფეროში პოპულარული მაგალითია IBM-ის მიერ შექმნილი „ჭადრაკის კომპიუტერი“. 1997–2010 წლებში ამ კომპიუტერის სიმძლავრე გაიზარდა 100–ჯერ. 2025 წლისთვის სავარაუდო შემოსავალია 5–7 ტრილიონი დოლარი.

3, „ინტერნეტ საქონელი“

პროექტი გულისხმობს ზოგიერთ დაავადებათა მკურნალობის დისტანციურ კონტროლს. ბოლო ხუთ წელიწადში ურთიერთდაკავშირებული კომპიუტერების რიცხვი გაიზარდა 4–ჯერ. 2025 წლისთვის სავარაუდო შემოსავალია 2,7–6,8 ტრილიონი დოლარი.

4, „რობოტოტექნიკა“

ეს არის რობოტების ნაირსახეობა, რომლებიც არა მარტო აადვილებენ ადამიანის ფიზიკურ შრომას, არამედ ზრდიან  მათ ფიზიკურ შესაძლებლობებსაც (მაგალითად ინვალიდების). 2009–2011 წლებში სამრეწველო რობოტების გაყიდვების რიცხვი გაიზარდა 27–ჯერ.  2025 წლისთვის სავარაუდო შემოსავალია 2–4 ტრილიონი დოლარი.

5, „სრულად ან ნაწილობრივ თვითმავალი ავტომობილები“

უპილოტო ავტომობილების გარბენათა რიცხვმა მიარწია 500 ათას კილომეტრს. მოხდა მხოლოდ ერთი ავარიული შემთხვევა, ისიც ადამიანის შეცდომის გამო.

6, „გენომიკა“

გამოიყენება მედიცინაში და სოფლის მეურნეობაში. 1996–2012 წლებში გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურების მოსავალი გაიზარდა 100–ჯერ.

7, „ ღრუბლიანობის გამოთვლები“

8, „ენერგიის დაგროვება და შენახვა“

ამ ნოვაციამ შესაძლებელი გახადა ეკოლოგიურად სუფთა ჰიბრიდული ავტომობილების შექმნა. ეს ავტომობილები ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ტრადიციულებს.

9, „ЗД-ბეჭდვა“

ეს არის ახალი პრინტერების ნაირსახეობა.

10 „თანამედროვე მასალები“

ნანოწამლები, სუპერკონდენსატორები და ულტრასისქის ეკრანები.

11, „გაზისა და ნავთობის მოპოვების უახლესი ტექნოლოგიები“

ეს არის ახალი მეთოდი, რომელიც ზრდის ნავთობისა და გაზის მოპოვებას.  ჩრდილოეთ ამერიკაში მოპოვება გაიზარდა 2–ჯერ.

12. „ენერგიის აღმდგენი წყაროები“

ძირითადად ეხება ქარისა და მზის ენერგიას. 2025 წლისთვის მათზე ნავარაუდევია  მსოფლიო ენერგომომარაგების 16%.  2000 წელს ამ ორი წყაროთი ენერგიის გენერაცია გაიზარდა 19–ჯერ.

უახლოესი მომავლის მოთხოვნაა ინოვაციებზე (მ.შ. სოციალურ ინოვაციებზე) ორიენტირებული ეკონომიკების მასშტაბური ფუნქციონირება; ათობით ტრილიონში გაზომილი შემოსავლების მიღება საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების გააქტიურებით, მსოფლიო დონეზე მეცნიერების მიღწევებისა და მოწინავე გამოცდილების დანერგვით.  სოციალურმა ინოვაციებმა, გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან მოყოლებული, სერიოზული პოპულარობა მოიპოვა ევროკავშირის ქვეყნებში, რის დასტურსაც წარმოადგენს ევროკომისიის მიერ მიღებული სოციალური ინოვაციების რეფორმირების გეგმა. ამ გეგმის ძირითადი მიმართულებები:

– ცოდნაზე ორიენტირებული ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობის ზრდა;

– სამეცნიერო, სამრეწველო, ეკონომიკური, რეგიონული და სოციალური პილიტიკის გაერთიანება;

– ევროკავშირის გადასვლა ინოვაციების სტიმულირების ახალ სტრატეგიაზე. ახალი სტრატეგია ითვალისწინებს დანახარჯების გაზრდას სამეცნიერო–კვლევით და საცდელ–საკონსტრუქტორო სამუშაოებზე, საერთო ევროპული, ერთიანი სამეცნიერო–კვლევითი სივრცის შექმნას, ინოვაციური პოლიტიკის ჰორიზონტალური და ვერტიკალური კოორდინაციის გაფართოებას და რეგიონული დონის გაძლიერებას.

ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული პრობლემების გლობალიზაციის პროცესმა განაპირობა მჭიდრო საერთაშორისო კავშირების აუცილებლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, ერთი მხრივ, ინოვაციების, მ.შ. სოციალური ინოვაციების, განვრცობა და პრაქტიკული გამოყენება და მეორე მხრივ, ინოვაციური სისტემების ინტერნაციონალიზაცია. ევროკავშირის სამიტზე ლისაბონში 2000 წელს გადაწყდა შექმნილიყო ევროპის ერთიანი კვლევითი სივრცე, რომელშიც იგულისხმებოდა 1. სამეცნიერო სივრცის შექმნა ეროვნული საზღვრების გარეში, 2. ფინანსური რესურსების ეფექტიანობის გაზრდა ინოვაციების მოზიდვის სფეროში, 3. სამეცნიერო-ტექნიკური კადრების, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქალების მობილურობის გაზრდა, 4. მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მოზიდვა მესამე ქვეყნებიდან [5, 6, 7].

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Абесадзе Р., Бурдули В. Структурные и инновационные проблемы развития экономики. Тбилиси, Институт экономики Паата Гугушвили ТГУ, 2014.
  2. ინტერნეტმასალა – Инновации в социальнои сфере.  
  3.  ინტერნეტმასალა – Социальные инновации: новые решения старых проблем.
  4. http:/republic.ru/economics/  “ 12 прерывных инновации которые изменят экономику”.
  5. http:/wwwrusnauka.com – “Инновационная политика ЕС”.
  6. http:/ instituteofem.orc.ru – “Инновационное развитие ЕС: некоторые аспекты. М., 2016”.
  7. Рутко Д.Ф., Горбач В.В. Развитие инновационной системы в Евроазиатском экономическом сообществе (Евр АзЭС) на основе использования опыта ЕС. журн. „Экономика и управление“, 2011, № 2.